Site icon Civil.ge

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს 14 მაისს ეწვევა

(თბილისი, 6 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნატოს განერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 14 მაისს ეწვევა. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
საქართველოში ვიზიტის დროს რობერტსონი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

დღეს კი თბილისში იმყოფება ნატოს სამხედრო ექსპერთა 10 კაციანი დელეგაცია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდება.

ქართულმა მხარემ ნატოს დელეგაციას გააცნო ინფორმაცია მათი რეკომენდაციების შესრულების შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებზე გადასვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დელეგაციამ თავისი დასკვნები უნდა წარუდგინოს ნატო-ს ხელმძღვანელობას.

“ვიმედოვნებ, რომ დასკვნა დადებითი იქნება, ვიანაიდან საქართველომ თითქმის ყველა პირობა შეასრულა” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ვიზიტს იმავე დღეს 14 მაისს, ამას უარყოფს საგარეო საქმეთა სამინისტრო. არსებული ინფორმაციით, კოლინ პაუელის ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)