(თბილისი, 6 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა საქართველოში 2002 წლის 17-24 იანვარს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობა 1989 წლის შემდეგ დაახლოებით 1 მლნ-ით შემცირდა და მისი რაოდენობა 4,4 მლნ შეადგენს.
“აღწერის ჩატარება 13 წლის განმავლობაში უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, ეს შეიძლება ისტორიულ მოვლენად ჩაითვალოს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ იოსებ არჩვაძემ.
მისი თქმით, აღწერა ვერ ჩატარდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. ამის გამო ვერ მოხდა იქ დარჩენილი ქართველი მოსახლეობის რაოდენობის აღწერა. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა 230 ათასი კაცია.
მოსახლეობის კლება ასევე განპირობებულია მიგრაციით. ემიგრირებულთა რაოდენობა 800 ათას კაცს შეადგენს. ასევე აღწერაში ჩართული არ იქნა რუსული სამხედრო ბაზები, როგორც ეს წინა აღწერების დროს ხდებოდა.
სანაცვლოდ პირველად მოხდა იძულებით ადგილნაცვალი პირების რაოდენობის განსაზღვრა. ამ დროისთვის დევნილთა რაოდენობა 264 ათას კაცს აღემატება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)