(თბილისი, 22 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “კმარა” – ასეთი ლოზუნგით მიმართვს სტუდენტი-ახალგაზრდობა ხელისუფლებას და ქვეყანაში მიმდინარე უკანონო პროცესების აღკვეთას ითხოვს.
ეს ლოზუნგი დღეს დილით თბილისის მოსახლეობას ცენტრალურ ქუჩებში და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეეძლო წაეკითხა, თუმცა სანიტარული დაცვის სამსახურის მიერ საგანგებო ზომების მიღების შემდეგ მალე წაშალეს და მხოლოდ დედაქალაქის რამდენიმე ადგილას, მათ შორის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შემორჩა.
“ამ ლოზუნგის დაწერის შემდეგ ნახევარ საათში მოხდა ქუჩების დასუფთავება და წარწერების წაშლა” – აცხადებენ სტუდენტები და ჯერ-ჯერობით არ აპირებენ მსგავსი აქციის გამართვას, რადგან, მათი თქმით, ითვალისწინებენ სანიტარული დაცვის სამსახურის თანამშრომლების მდგომარეობას.
სტუდენტების პროტესტის მძლავრი ტალღა ძირითადად ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებს მოჰყვა, თუმცა რამდენიმე კვირის წინაც მოეწყო საპროტესტო აქცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)