(თბილისი, 19 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების შესახებ იმსჯელეს.
ოპოზიციური ფრაქციები მოითხოვენ, რომ ცსკო დაკომპლექტებული იქნას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით.
მაგრამ სახელისუფლებო ფრაქციები მხარს უჭერენ პრეზიდენტის წინადადებას, რომლის თანახმად ცსკო 11 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს, რომელთაგან 9-ს პარლამენტს დასამტკიცებლად პრეზიდენტი წარუდგენს, თითო-თითოს კი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიები.
გარდა ამისა, პრეზიდენტის წინადადების თანახმად, ახალი ცსკო-ს არცერთი წევრი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს. პრეზიდენტის ეს ინიციატივა ოპოზიციურმა ფრაქციებმა მკაცრად გააკრიტიკეს.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ძალიან რთული იქნება შეთანხმების მიღწევა ახალი ცსკო-ს ფორმირების წესებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)