(თბილისი, 3 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “[საქართველოს] ხელისუფლება არ უზრუნველყოფდა ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამის დონეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა გამოსწორდა, რჩება მთელი რიგი მოუგვარებელი პრობლემებისა”, – ნათქვამია 31 მარტს გამოქვეყნებულ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში 2002 წელს.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის შემთხვევები უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელთა მხრიდან.
“სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები კვლავ იყენებდნენ წამებას, ცემას და დაკავებულთა მიმართ მოპყრობის სხვა მკაცრ ფორმებს. მასშტაბურ ხასიათს ატარებს კორუფცია სამართალდამცავ ორგანოებში. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაცემებით, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა საგამოძიებო იზოლატორებსა და ციხეებში ცემის, წამებისა და სიცოცხლისათვის საშიში პირობების შედეგად. შესაბამისი საფუძვლების გარეშე დაკავება და დაპატიმრება კვლავ პრობლემად რჩება”, – აღნიშნულია მოხსენებაში.
იქვე ნათქვამია, რომ სასამართლო ორგანოები ზეწოლისა და კორუფციის მთავარი ობიექტები არიან და ვერ უზრუნველყოფენ სამართლებრივი პროცედურების შესაბამის დაცვას.
მოხსენების წინასიტყვაობაში საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნულია, რომ “სახელმწიფო ცინოვნიკები უგულვებელყოფენ მოქალაქეთა რწმენისა და აღმსარებლობის უფლებას. მთავრობა კვლავინდებურად გულგრილადაა განწყობილი ზოგიერთი რელიგიური უმცირესობის მიმართ დევნისა და დიკრიმინაციის ფაქტების მიმართ”.
“1999, 2000 და 2002 წელს ჩატარებული არჩევნების დროს დაფიქსირებულმა მრავალრიცხოვანმა დარღვევებმა შეზღუდეს მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიეღოთ ხელისუფლების შეცვლაში”, – აღნიშნულია იქვე.
ანგარიშის თანახმად, მოუგვარებელი კონფლიქტები აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში”, ასევე 270 ათასამდე აფხაზეთიდან დევნილთან, 60 ათასამდე “სამხრეთ ოსეთიდან” დევნილთან და 3900-მდე ჩეჩნეთიდან ლტოლვილთან დაკავშირებული პრობლემები “დამატებით საფრთხეს უქმნიან ეროვნულ სტაბილურობას”.
“მთავრობას არანაირი კონრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ პრობლემების გადასაწრელად, და პასუხისმგებლობის სიმცირე კვლავ გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება”, – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)