(თბილისი, 31 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით, 15 აპრილიდან შეჩერდება საქართველოს ტერიტორიაზე ავიაკომპანია “ბრიტანეთის ავიახაზების” რესიების წარმოება.
“მიუხედავად საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობისა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის, რომლის მიხედვით ორივე ქვეყნის კომპანიები უფლებამოსილნი არიან შეასრულონ სამი რეისი კვირაში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ შეზღუდა რეისების რაოდენობა კვირაში ორ რეისამდე. შეზღუდვა ძალაშია 2003 წლის 30 მარტიდან 2003 წლის 15 აპრილამდე, რის შემდეგ ფრენის უფლება იწურება”, – ნათქვამია “ბრითიშ მედითერანეან ეარვეისის” პრეს-რელიზში.
“ბრითიშ მედითერანეან ეარვეისი” ავიაკომპანია “ბრიტანეთის ავიახაზების” დამოუკიდებელი პარტნიორია, რომელიც ასრულებს რეისებს ლონდონსა და თბილისს შორის.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მოჰყვა პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც უცხოური ავიაკომპანიების რეისები უნდა შეწყდეს, რადგან მათთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათები უკანონოა.
“ბრიტანეთის ავიახაზების ვალი საქართველოსადმი შეადგენს 13 მილიონ ლარს, თურქეთის ავიახაზებისა – 17 მილიონ ლარს”, – აცნობა “სივილ ჯორჯიას” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად მუკბანიანმა.
“იმ ექვსი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვახორციელებდით რეგულარულ რეისებს თბილისსა და ლონდონს შორის, საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის გაიზარდა და მე ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ამ უმნიშვნელოვანეს კავშირს გაუქმება ემუქრება”, – განაცხადა ბრითიშ მედითერანეან ეარვეისის აღმასრულებელმა დირექტორმა დეზ ჰეზერინგტონმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)