(თბილისი, 28 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ სერ გარი ჯონსონმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფინანსების უკმარისობა ძირითადი პრობლემაა, რომელიც ხელს უშლის რეფორმების ჩატარებას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემებში.
ჯონსონის თქმით, უახლოეს რამდენიმე კვირაში მრჩეველთა საბჭო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგენს მოხსენებას საქართველოს ხელისუფლების მიერ საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
სერ გარი ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ ფინანსურ პრობლემებთან ერთად რეფორმებს აყოვნებს ასევე უსაფრთხოების ორგანოებისა და მაღალი თანამდებობის პირების არაკოორდინირებულობა.
“მომდევნო ორი წელი გადამწყვეტი იქნება რეფორმების განხორციელებაში”, – თქვა გარი ჯონსონმა.
უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო 1998 წელს შეიქმნა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მთავრობების დახმარებით. საბჭო ეხმარება საქართველოს რეფორმების განხორციელებაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)