(თბილისი, 27 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის ენერგოკრიზისის შემსწავლელი ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ჩუბინაშვილმა პარლამენტს ენერგეტიკის სექტორში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მოახსენა.
მისი განცხადებით, დღესაც მიმდინარეობს საქართველოდან აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ტრანზიტი, “მაშინ როცა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი და დედაქალაქი ჩაბნელებულია, ხდება სხვა ქვეყანაში ენერგიის ტრანზიტი და ისიც საბაჟოს გვერდის ავლით, ტრანზიტის შესახებ ოფიციალური განაცხადი არც ერთ უწყებაში არ არის ასახული და ეს კანონდარღვევაა. თუ ჩევნ აზერბაიჯანის ვალი გვაქვს, ტრანზიტის განხორციელება ზაფხულში უნდა მოხდეს და არა ახლა”, – განაცხადა ირაკლი ჩუბინაშვცილმა.
მისი თქმით, დარგში არსებული დარღვევბის გამო პასუხი უნდა აგოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა.
“ნაკლებად მჯერა იმისაც, რომ მირცხულავას წასვლით და სხვა მინისტრის მოსვლით ვითარება შეიცვლება. ამის სათავეში პრეზიდენტის ოჯახი დგას და ამიტომ საჭიროა აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლა”, – განაცხადა ჩუბინაშვილმა.
სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტის დეპუტატების დიდი ნაწილი უჭერს მხარს. დღეს ტრადიციონალისტების წარმომადგენელმა ალექსანდრე შალამბერიძემ დეპუტატებს მოუწოდა, რომ მიუერთდნენ ხელმოწერების შეგროვებას მირცხულავას იმპიჩმენტის მოთხოვნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)