(თბილისი, 30 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ფინანსთა სამინისტრომ დღეს სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა ცენტრალური ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტი. მინისტრის მირიან გოგიაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის სეკვესტრი 91 მლნ ლარით მოხდება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილ დოკუმენტში ასახულია, რომელ უწყებას რა რაოდენობის თანხა ჩამოეჭრება. დღესვე დოკუმენტი სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან შეხვედრაზეც განიხილება, შემდგომ კი პარლამენტს გადაეგზავნება განსახილველად და დასამტკიცებლად.
ბიუჯეტში კორექტივების შეტანა ივნისის თვეში თბილისში ვიზიტით მყოფი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ რეკომენდაციის შედგენის შემდეგ გახდა საჭირო. სავარაუდოდ, ბიუჯეტის სეკვესტრი 95 მლნ ლარით უნდა მომხდარიყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)