(თბილისი, 31 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საარჩევნო კოდექსის თაობაზე გამართული ხანგრძლივი დებატების მიუხედავად პარლამენტის საგანგებო სხდომამ დღეს გამთენიისას 4:30-ზე მუშაობა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დაასრულა.
მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტი 24 ივლისს პირველი მოსმენით მიღებულ საარჩევნო კოდექსს განიხილავდა.
გაერთიანებული დემოკრატები, ნაციონალური მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები და ტრადიციონალისტები ყველანაირ იურიდიულ საშუალებას იყენებდნენ, რათა ხელი შეეშალათ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებისთვის, რადგან კოდექსი ჩავარდნისთვის იყო განწირული იმის გამო, რომ “აღორძინების” და “მრეწველთა” ფრაქციები, ასევე სახელისუფლებო ფრაქციები მეორე მოსმენით კოდექსის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
“აღორძინება” და სახელისუფლებო ფრაქციები კენჭისყრის შეფერხებაში პარლამენტის თავჯდომარეს ადანაშაულებდნენ.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისკენ.
“საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა და საარჩევნო კომისიების რეფორმირება დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მნიშვნელოვანი ელემენტია”, – ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევნო კოდექსის განხილვას პარლამენტი დღეს დღის მეორე ნახევარში გააგრძელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)