Site icon Civil.ge

ოთარ შალიკაშვილი აშშ-ის და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას მიესალმება

(თბილისი, 5 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გუშინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს საკითხებში ოთარ შალიკაშვილს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ოთარ შალიკაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა თანამშრომლობის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერი გახდება.

შალიკაშვილი მიესალმება “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელებას. მისი თქმით, პროგრამა 2004 წლის მაისში დასრულდება. ამ დროისათვის საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს ახალი სამუშაო გეგმა, რაც ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ქართული სამშვიდობოების ერაყში გამგზავრება.

შალიკაშვილმა აშშ-ის ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომის აქტიური მხარდაჭერისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)