Site icon Civil.ge

ანატოლი ჩუბაისი თბილისში ჩამოდის

(თბილისი, 6 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების გამგეობის თავმჯდომარე ანატოლი ჩუბაისი დღეს თბილისში საქმიანი ვიზიტით ჩამოდის.

ვიზიტის ფარგლებში იგი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს ხელმძღვანელობასთან კომპანიის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, რუსული კომპანია ამერიკულ “ეი-ი-ეს”-ს შეცვლის საქართველოში.

ანატოლი ჩუბაისი შეხვდება პრეზიდენტ შევარდნაძეს, სახელმწიფო მინისტრს, ენერგეტიკის მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს.

“ეი-ი-ეს” კორპორაციამ 31 ივლისს განაცხადა, რომ იგი მიყიდის თავის აქტივებს საქართველოში რუსულ კომპანიას “რუსეთის ერთიან ენერგოსისტემებს”.

გარიგების შედეგად, რუსული კომპანია, რომელიც უკვე ფლობს ელექტროგადამცემი ხაზების 50%-ს საქართველოში, მიიღებს თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აქციების 75%, ჰიდროელექტროსადგურებს “ხრამი-1” და “ხრამი-2” და “ეი-ი-ეს მტკვარის” ორ ენერგობლოკს. ამგვარად, რუსული კომპანია საქართველოს ენერგოსისტემაში მონოპოლისტი ხდება.

გარიგებამ საქართველოს პოლიტიკური წრეების პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ რუსული კომპანიის საქართველოში შემოსვლას ხელი შეუშალოს. ოპოზიციის განცხადებით, რუსული ენერგოკომპანია მონოპოლიურ მდგომარეობასას ქართული ენერგეტიკაში ქვეყანაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენებს.

თუმცა, საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი მიესალმებიან რუსული კომპანიის ქვეყანაში შემოსვლას. მათი განცხადებით, ამ კომპანიის შემოსვლა ეკონომიკურად მოტივირებულია და გამორიცხულია მოსკოვმა ეს კომპანია პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)