(თბილისი, 6 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მზად არის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ბოლომდე იბრძოლოს. “ჩემი სტრატეგიაა ბოლომდე ბრძოლა”, – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან საუბარს აზრი უკვე აღარ აქვს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პროექტი დაამტკიცა.
“ხელისუფლებას არ ეყო გონიერება ელაპარაკა ოპოზიციასთან, რისი შედეგიც იყო პარლამენტის სხდომა. ეს ქვეყანას კარგს არაფერს არ მოუტანს. მიუხედავად ამისა ჩვენ, მოაზროვნე ადამიანები, მაქსიმალურად ვეცდებით ხელისუფლებას გავაგებინოთ, რომ ქვეყანა დაღუპვისაკენ მიდის, მოსახლეობა კი ვეღარ გადაიტანს მეტ დაძაბულ ვითარებას”, – განაცხდა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც ხალხს სჭირდება, ეს დამოუკიდებელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა და ეს ბოლო შანსიც არ უნდა წავართვათ.
5 აგვისტოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 5 წევრს პრეზიდენტი, 3 წევრს -“დემოკრატიული აღორძინება”, ორს – “მრეწველები”, ხოლო თითო-თითოს “გაერთიანებული დემოკრატები”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი მემარჯვენეები” და “ლეიბორისტები” წარადგენენ. ამ პროექტში დარღვეულია პარიტეტის პრინციპი ადგილების გადანაწილებისას, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო ამერიკული ადმინისტრაციის მიერ ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ხელით ქართული პოლიტიკური ძალებისთვის გადაცემულ რეკომენდაციებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)