(თბილისი, 6 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის ხელმძღვანელმა ანატოლი ჩუბაისმა 6 აგვისტოს თბილისში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ დავით მირცხულავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებებით.
“ჩვენ დაინტერესებული ვართ როგორც ელექტროენერგიის იმპორტით საქართველოში, ასევე მისი ტრანზიტით თურქეთში. ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს უკვე ნაყიდი ობიექტების განვითარებას და საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას”, – განაცხადა ჩუბაისმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დსთ-ის ქვეყნებთან თანამშრომლობას კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას თქმით, ამიერიდან სიტუაცია საქართველოს ენერგოსექტორში აუცილებლად გაუმჯობესდება.
“მომავალი ზამთარი ბევრად უკეთესი იქნება”, – დაამატა მირცხულავამ.
გარიგების შედეგად, რუსული კომპანია, რომელიც უკვე ფლობს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების 50%-ს საქართველოში, მიიღებს თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აქციების 75%, ჰიდროელექტროსადგურებს “ხრამი-1” და “ხრამი-2” და “ეი-ი-ეს მტკვარის” ორ ენერგობლოკს. ამგვარად, რუსული კომპანია საქართველოს ენერგოსისტემაში მონოპოლისტი ხდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)