(თბილისი, 11 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “რუსულ კომპანიას ყველა გარანტია აქვს იმისა, რომ მისი საქმიანობა საქართველოში მომგებიანი იქნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების საქართველოს ბაზარზე შემოსვლის კომენტირებისას.
ამერიკულ “ეი-ი-ეს”-სა და რუსულ ენერგოკომპანიას შორის დადებული გარიგების შედეგად, რუსულმა კომპანიამ შეისყიდა თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია “თელასის” აქციების 75%, “ეი-ი-ეს მტკვარის” ორი ენერგობლოკი, ორი ელექტროსადგური “ხრამი-1” და “ხრამი-2” და ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი, რომლის საშუალებითაც ხდება ენერგიის თურქეთსა და სომხეთში ტრანზიტი.
ამ გარიგებამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პროტესტი გამოიწვია. ისინი შიშობენ, რომ საქართველოს ენერგოსექტორის მონოპოლიზაციით რუსეთი პოლიტიკურ ზეწოლას მოახდენს საქართველოზე.
“ზოგიერთმა, შესაძლოა, იკითხოს, რატომ ცხრა წლის წინ არ შემოვიყვანეთ ეს კომპანია. იმიტომ, რომ რუსული კომპანია არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა “თელასის” შესყიდვას, რადგანაც ის არამომგენიანი იყო მაშინ. “თელასის” გაყიდვა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი რაც “ეი-ი-ეს”-მა ქსელის სრული მოდერნიზაცია მოახდინა, რითაც შექმნა წინაპირობა რუსული კომპანიის საქართველოში შემოსვლისა”, – განაცხადა შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში.
პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკულმა კომპანიამ 240 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგოსექტორში “თუმცა “ეი-ი-ესი” გაკოტრდა და იძულებული გახდა რამოდემინე საწარმო გაეყიდა მსოფლიოს მასშტაბით”.
ქონების მართვის ყოფილი მინისტრის მიხეილ უკლებას განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც არსებობს საიდუმლო შეთანხმება “ეი-ი-ეს”-სა და საქართველოს შორის ამერიკული კომპანიის აქციების მეზობელი ქვეყნისთვის მიყიდვის აკრძალვის თაობაზე, შევარდნაძემ აღნიშნა, რომ არანაირი საიდუმლო შეთანხმება არ არსებობს.
“უბრალოდ არსებობს შეთანხმების გარკვეული პუნქტები, რომლებიც გამოქვეყნებას არ ექვემდებარება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა, თუმცა თავი შეიკავა საიდუმლო შეთანხმების დეტალები დაეზუსტებინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)