Site icon Civil.ge

ენერგეტიკის მინისტრის გადადგომას პრეზიდენტის მიერ ახალი დანიშვნები მოყვა

(თბილისი, 13 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 12 აგვისტოს დავით მირცხულავა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ იგი იმავე დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარის პოსტზე დანიშნა.

სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ 12 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს მამუკა ნიკოლაიშვილს ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე წარადგენს.

მამუკა ნიკოლაიშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტზე გასული წლის აპრილში დაინიშნა. იგი ძირითადად ენერგეტიკის საკითხებზე იყო პასუხისმგებელი. ნიკოლაიშვილი პრეზიდენტ შევარდნაძის შვილის პაატა შევარდნაძის ახლო მეგობარია.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე გამოთქვეს პროტესტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის წინააღმდეგ.

"ნიკოლაიშვილი, რომელიც პაატა შევარდნაძის მეგობარია, სასურველი კანდიდატია პრეზიდენტისთვის, რადგანაც იგი ხელს შეუწყობს შევარდნაძის ოჯახის ზეგავლენის ზრდას ქვეყნის ენერგოსექტორზე", – განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ვანო მერაბიშვილმა 12 აგვისტოს. 

ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა მწვავედ გააკრიტიკეს რუსულ ენერგოკომპანია "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულებისა და მეორე რუსული კომპანიის "რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების" საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გამო.

12 აგვისტოს დამოუკიდებელ კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას მამუკა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს თანამშრომლობას რუსულ ენერგოკომპანიებთან და დაამატა, რომ ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს "გაზპრომისა" და "რუსეთის ერთიანი ენმერგოსისტემების" საქართველოში შემოსვლაში.  

მან ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. "გაზპრომთან შეთანხმება არანაირ საფრთხეს არ უქმნის "შაჰ-დენიზის" მილსადენის პროექტის განხორციელებას", – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)