(თბილისი, 15 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა 109 ხმით სამის წინააღმდეგ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურა დაამტკიცა, რომელიც პარლამენტს პრეზიდენტმა შევარდნაძემ წარუდგინა.
მამუკა ნიკოლაიშვილს მანამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა გასული წლის აპრილიდან და იგი ენერგეტიკის სფეროს კურირებდა.
პრეზიდენტმა შევარდნაძემ ნიკოლაიშვილის კანდიდატურა პარლამენტს მას შემდეგ წარუდგინა, რაც ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა 12 აგვისტოს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
ნიკოლაიშვილის კანდიდატურის დანიშვნამდე ოპოზიცია აცხადებდა, რომ არ დაუჭერდა მის დამტკიცებას მხარს, რადგან მამუკა ნიკოლაიშვილი პრეზიდენტ შევარნაძის ვაჟის ახლო მეგობარია და შევარდნაძეების ოჯახის გავლენის გაზრდას შეეცდება ენერგოსექტორში.
ოპოზიციურ ფრაქციებს მინისტრის კანდიდატურის დამტკიცებისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)