Site icon Civil.ge

ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზრდება

(თბილისი, 15 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა ხელი მოაწერა ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მიერ შემუშავებულ დოცუმენტს, რომელიც თბილისში ელექტროენერგიაზე დიფერენცირებული გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს.

სემეკ-ის მიერ შემუშავებული სატარიფო პოლიტიკა 4 საფეხურისგან შედგება. პირველი მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში 100 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, მათთვის დარჩება დღეს მოქმედი 12,18 თეთრიანი ტარიფი, 101-200 კვტ/სთ-ის მომხმარებლებისთვის – 13,7 თეთრი, 201-400კვტ/სთ – 15,1 თეთრი, 400 კვტ/სთ ზევით კი 16,8 თეთრი.

როლანდ გილიგაშვილი თავდაპირველად ამ წინადადების წინააღმდეგი იყო. 13 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მან განაცხადა, რომ ეს პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა. დეკემბერში სასამართლომ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის სარჩელი და ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა შეაჩერა.

თუმცა პრეზიდენტ შევარდნაძისა და სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ როლანდ გილიგაშვილი იძულებული გახდა სემეკის პროექტისთვის ხელი მოეწერა.

This post is also available in: English (ინგლისური)