Site icon Civil.ge

ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ შევარდნაძე სასამართლო სისტემის გაკონტროლებას ცდილობს

პრეზიდენტ შევარდნაძის უკანასკნელმა მითითებებმა სასამართლო სისტემისა და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომელმაც ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის სატელევიზიო ჟურნალისტური გამოძიების პროგრამა “60 წუთს” მორალური კომპენსაციის სახით საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელისთვის 1 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა, გამოიწვია უკმაყოფილება სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც შიშობენ, რომ სასამართლოები დამოუკიდებლობას კარგავენ.

13 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე შევარდნაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე მთავრობას მოელაპარაკოს. “რატომ არ უნდა შემითანხმდეს საკონსტიტუციო სასამართლო მე ან სახელმწიფო მინისტრს იმ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელსაც ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება?” – აღნიშნა შევარდნაძემ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის აკრძალვის თაობაზე გასული წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ეს იყო შევარდნაძის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობის მეორე შემთხვევა. 30 ივლისს მან მოუწოდა მოსამართლეებს არ დააკმაყოფილონ პენსიონერთა ნებისმიერი სარჩელი საპენსიო დავალიანებების ანაზღაურების თაობაზე. “მოსამართლეები ჩემი დანიშნულები არიან და შესაბამისად, მაქვს სრული მორალური უფლება, ვთხოვო მათ არ მიიღონ [წარმოებაში] ნებისმიერი სახის საქმე”, – განაცხადა შევარდნაძემ.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები შიშობენ, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდით მთავრობა ცდილობს თავი დაიზღვიოს პოლიტიკურად არასასურველი გადაწყვეტილებებისგან. პრეზიდენტის ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ შევარდნაძეს ყველაზე მეტად აღელვებს საკუთარი პოლიტიკური მომავლის უზრუნველყოფა, ვიდრე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.

“პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით გაკეთებული შენიშვნები საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. მე მივმართავ გენერალურ პროკურატურას აღძრან საქმე ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ”, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა 13 აგვისტოს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე კოტე ყუბლაშვილი აღნიშნავს, რომ შევარდნაძის შენიშვნები ქვეყანას საბჭოთა კავშირის პერიოდში აბრუნებს, როდესაც სასამართლოები გადაწყვეტილებებს ქვეყნის ხელმძღვანელობის პირდაპირი მითითებების საფუძველზე იღებდნენ.

“კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია. სასამართლოს კონსულტაცია შეუძლია მხოლოდ სასამართლოს მიერვე მიწვეულ იურისტებთან. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირ ფარულ კონსულტაციებს სასამართლოებსა და სამთავრობო პირებს შორის”, – განუცხადა კოტე ყუბლაშვილმა “სივილ ჯორჯიას”.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავი შეიკავა შევარდნაძის შენიშვნების კომენტირებისაგან. “ჩვენ არ შეგვიძლია პრეზიდენტის განცხადებების კომენტირება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სასამართლოების კონკრეტული გადაწყვეტილებების კომენტირება”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” უზენაესი სასამართლოს პრეს-მდივანმა ხათუნა ჩარკვიანმა.

ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს იუსტიციის საბჭოს, ანუ საქართველოში სასამართლო რეფორმების გატარებაზე პასუხისმგებელი ინსტანციის, თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი არასოდეს ჩარეულა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში.

“მე არა ვარ პრეზიდენტის წარმომადგენელი და შესაბამისად, არ შემიძლია განვმარტო მისი განცხადება. თუმცა შემიძლია განვაცხადო, რომ დღემდე პრეზიდენტის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. მოსამართლეები ფიცს პრეზიდენტის წინაშე დებენ და შესაბამისად, პრეზიდენტს აქვს მორალური უფლება თქვას რაიმე მოსამართლეების შესახებ”, – აღნიშნა აბაშიძემ 14 აგვისტოს, “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ნაკლებად სჯერათ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზის თავმჯდომარემ და სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ჩხაიძემ 11 აგვისტოს სასამართლო პროცესი მოიგო გადაცემა “60 წუთის” წინააღმდეგ. სასამართლომ გადაცემას ჩხაიძისთვის 1 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა ცილისწამებისთვის მორალური კომპენსაციის სახით.

13 აგვისტოს ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება “60 წუთის” წინააღმდეგ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. “გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლო იყო. ეს არის მცდელობა გააჩუმონ მასმედია საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ მთავრობა ამ მიზნით სასამართლო ხელისუფლებას იყენებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში ამ უკანასკნელი მოვლენებით შეშფოთებულნი მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტები აღმოჩნდნენ.

“ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ოპოზიციურიც, არ გამოეხმაურა შევარდნაძის განცხადებას. ეს მათთვის ან უმნიშვნელო იყო ან კი ოპოზიაც აპირებს დაიქვემდებაროს სასამართლო ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსვლის შემთხვევაში. თუ ჩემი პროგნოზი მართალია, მაშინ ჩვენ კატასტროფის წინაშე ვდგავართ”, – ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიგა ბოკერია.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

This post is also available in: English (ინგლისური)