Site icon Civil.ge

შევარდნაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტი ბიუჯეტის სეკვესტრს ამ კვირაში მაინც განიხილავს

(თბილისი, 18 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ პარლამენტი ვერ ახერხებს ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტის განხილვას და მიღებას, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციის ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს.

“შეშფოთებით აღვიქვი ცნობა კრიტიკულ მომენტში პარლამენტი რომ ვერ ახერხებს შეკრებას და ამ კანონპროექტის მიღებას. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველა პირობა შეასრულა, ახლა საუბარი ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე და მიზეზებზე საჭირო აღარ არის. თუ ვერ მოხდა ამ პროექტის მიღება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ გაჭირდება პარიზის კლუბში წარდგომა”, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

მისი თქმით, სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობა ასევე ხელს შეუშლის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, მათ შორის სიღარიბის დაძლევის სამწლიან პროექტს.

შევარდნაძე იმედოვნებს, რომ ბიუჯეტის სეკვესტრის შესახებ პროექტის განხილვას პარლამენტი ამ კვირაში მაინც შეძლებს.

ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტის განხილვა 15 აგვისტოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხდა. ამ პროექტს მხარს არ უჭერენ ოპოზიციური ფრაქციები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)