(თბილისი, 19 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტმა დღეს კვორუმის არარსებობის გამო კვლავ ვერ შეძლო 2003 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა. გასულ კვირას პარლამენტმა იგივე მიზეზით ვერ განიხილა ეს საკითხი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია საბიუჯეტო ცვლილებებს ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი ხარჯების 86 მილიონი ლარით შემცირებას და შემოსავლების 45 მილიონი ლარით გაზრდას გულისხმობს.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ დაამტკიცებს ცვლილებებს ბიუჯეტში, ქვეყანას გაუჭირდება პარიზის კლუბთან ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხის მოგვარება და სავალუტო ფონდის მხარდაჭერასაც დაკარგავს.
ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დეფიციტში მთავრობას ადანაშაულებენ და სახელმწიფო მინისტრის პასუხისმგებლობას საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
პარლამენტის მომავალი სხდომა 20 აგვისტოს გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)