Site icon Civil.ge

მთავრობა დანახარჯებს პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშეც შეამცირებს

(თბილისი, 25 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ შეძლო ცვლილებები შეეტანა 2003 წლის ბიუჯეტში, მთავრობა გეგმავს საბიუჯეტო დანახარჯები დეპუტატთა თანხმობის გარეშეც შეამციროს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მთავრობას უფლება აქვს შეამციროს მთლიანი ბიუჯეტის 10% დამოუკიდებლად, პარლამენტის თანხმობის გარეშე. თუმცა, მთავრობას არა აქვს უფლება გაზარდოს შემოსავლები, როგორც ამას საბიუჯეტო ცვლილებები ითვალისწინებს.

პარლამენტი 26 აგვისტოს კვლავ შეეცდება საბიუჯეტო ცვლილებებს უყაროს კენჭი, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს წინადადება არ იქნება მიღებული. ოპოზიცია მთავრობას საბიუჯეტო დეფიციტში ადანაშულებს და მის გადადგომას ითხოვს.

გასულ კვირას სახელისუფლებო ფრაქციებმა კენჭისყრა ჩააგდეს, რადგანაც მხარდამჭერების არასაკმარისი რაოდენობის გამო წინადადება წარუმატებლობისთვის იყო განწირული.

საბიუჯეტო ცვლილებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს.

სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველო საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე პარიზის კლუბთან გამართული მოლაპარაკებების დროს ფონდის მხარდაჭერას დაკარგავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)