Site icon Civil.ge

საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში

(თბილისი, 29 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ქალაქ გორის სასამართლოს შენობის წინ დღეს ადგილობრივმა პენსიონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს ძველი პენსიების გაცემის მოთხოვნით. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით, პენისონერებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, სადაც 1998-99 წლების პენსიების გაცემას მოითხოვენ.

დღეს სასამართლო პროცესი ფინანსთა სამინისტროს და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლების გამოუცხადებლობის გამო მეორედ გადაიდო, რასაც პენსიონერების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

დღესვე საპროტესტო აქციები გაიმართა ზუგდიდსა და თბილისში. სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ შეკრებილი პენსიონერები ძველ დავალიანებასთან ერთად მიმდინარე წლის სამი თვის გაუცემელ პენსიის დარიგებას მოითხოვდნენ.

თბილისის მერიის შენობის წინ ასევე საპროტესტო აქცია გამართეს მრავალშვილიანმა დედებმა, რომლებიც სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საკრებულოსგან ერთჯერადი დახმარების სახით კუთვნილი 100 ლარის ოდენობის თანხის გაცემას მოითხოვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)