(თბილისი, 1 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ეუთოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლების მიერ შერჩეული სამი კანდიდატურიდან სახალხო დამცველს ნანა დევდარიანს ანიჭებს უპირატესობას. ამის შესახებ შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა.
“ნანა დევდარიანი ღირსული პიროვნებაა და დამოუკიდებლად მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ნანა დევდარიანი გახდება ლიდერი ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
იგი ასევე დადებითად აფასებს დანარჩენ ორ კანდიდატურას – დავით უსუფაშვილს და ვახტანგ ხმალაძეს. პრეზიდენტის თქმით, ორივე ღირსეული ადამიანია, მაგრამ ვახტანგ ხმალაძე ერთ-ერთი პარტიის წევრია, რასაც კრძალავს ცსკო-ს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის წესი.
“ასევე დადებითად ვაფასებ დავით უსუფაშვილის კანდიდატურას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი იყო. იგი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს არასამთავრობო ორგანიზაციებში, თუმცა ძალიან ახალგაზრდაა ცსკო-ს თავჯდომარის პოსტისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ეუთო-სა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტს ცსკო-ის თავჯდომარის სამი კანდიდატურა 31 აგვისტოს წარუდგინეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)