Site icon Civil.ge

რუსეთი პირობას იძლევა, რომ ლტოლვილთა უსაფრთხოებას დაიცავს

(თბილისი, 2 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ჩეჩნეთის საკითხთა მინისტრმა სტანისლავ ილიასოვმა თბილისში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი უზრუნველყოფს იმ ჩეჩენი ლტოლვილების უსაფრთხოებას, რომელთაც ჩეჩნეთში დაბრუნების სურვილი აქვთ. ილიასოვი იმედოვნებს, რომ რეპატრიაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყება. 

“რუსეთის მთავრობა მზად არის რეპატრიაციის შემთხვევაში ლტოლვილებს უმუშევართა საკომპენსაციო გადასახადები გადაუხადოს და მათი საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოს”, – განაცხადა სტანისლავ ილიასოვმა თბილისში საქართველოს პრეზიდენტ შევარდნაძესთან 1 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ.

რუსმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაცია საქართველოს ეწვევა და პანკისში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს მოინახულებს. “მე მზად ვარ ჩეჩენ ლტოლვილებს შევხვდე და დავარწმუნო ისინი ჩეჩნეთში დაბრუნდნენ”, – განაცხადა მან.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაცია ივნისში უკვე იმყოფებოდა პანკისში და ამაოდ შეეცადა დაერწმუნებინა ჩეჩენი ლტოლვილები თავიანთ სახლებს დაბრუნებოდნენ.

ამჟამად პანკისის ხეობაში დაახლოებით 3700 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)