(თბილისი, 10 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად დანიშნული რეფერენდუმის ჩატარებას არამართებულად მიიჩნევს იურისტი დავით უსუფაშვილი და აცხადებს, რომ რეფერენდუმი ქვეყანას გარდაუვალად მიიყვანს მწვავე საპარლამენტო და კონსტიტუციურ კრიზისამდე.
რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის 28-ე მუხლის თანახმად, რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს პირდაპირი მოქმედების იურიდიული ძალა, საბოლოოა და მისი შეცვლა ან გაუქმება დასაშვებია მხოლოდ ახალი რეფერენდუმის ჩატარების გზით.
აქედან გამომდინარე, დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ახლადარჩეული პარლამენტი პარლამენტის წევრად 235 პირს ცნობს, როცა რეფერენდუმის გადაწყვეტილება, რომელიც 7 ნოემბერს უკვე გამოქვეყნდება ამგავრი სტატუსით მხოლოდ 150 პირი არსებობას მიიჩნევს შესაძლებლად.
“ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გვეყოლება 85 ზედმეტი პარლამენტარი, რაც მთელი საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას აცლის საფუძველს”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ბრძანებულებას 3 სექტემბერს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, მოსახლეობამ უნდა გამოხატოს საკუთარი ნება პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)