(თბილისი, 10 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური პარტიები დღეს სახელისუფლებო ბლოკის მიერ თავისი წარმომადგენლების რეგიონალური საარჩევნო კომისიების თავჯდომარეებად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ოპოზიციური პარტიების განცხადებით, სახელისუფლებო ბლოკი და “მრეწველთა” და “აღორძინების” პარტიები შეთანხმდნენ 75 რეგიონალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარედ თავიანთი წარმომადგენელი დანიშნონ, მაშინ როცა “გაერთიანებულ დემოკრატებს”, “ახალ მემარჯვენეებს”, ლეიბორისიტულ პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობას ამგვარი საშუალება არ მიეცემათ.
“ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა. მოვუწოდებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს [ნანა დევდარიანს] უარი თქვას ამ წინადადებაზე. მესმის, რომ დევდარიანი მთავრობის მხრიდან ზეწოლას განიცდის, მაგრამ მან უნდა შეძლოს შეწინააღმდეგება”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა თავის დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)