პენიტენციალური სისტემის კიდევ ერთი მარცხი
ქართული სამართალდამცავი ორგანოები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. რუსთავისა და თბილისის ყველა ძირითად გზებზე რეიდებია მოწყობილი. ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმები საგანგებო ოპერაციებს ატარებენ.
ასეთი საგანგებო ზომების მიღება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პენიტენციალური სისტემის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. 10 სექტემბერს საღამოს დაახლოებით 21 საათისთვის რუსთავის #2 მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან 128 პატიმარი გაიქცა.
10 სექტემბრის გაქცევა სისხლიანი გამოდგა. პატიმრებმა კოლონიის დაცვის ერთი თანამშრომელი მოკლეს, ერთიც დაჭრილია და საავადმყოფოშია მოთავსებული. ზოგიერთი მონაცემებით, პატიმრებმა კოლონიის კედელი ააფეთქეს და ასე მოახერხეს გაქცევა. სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებმა რუსთავის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ უსაფრთხოების ზომები მიეღოთ მომხდართან დაკავშირებით.
გაქცეული პატიმრების უმრავლესობა “განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა” რიცხვს მიეკუთვნება და შესაბამისად, სასჯელიც 15-20 წლით ჰქონდა განსაზღვრული.
როგორც “სივილ ჯორჯიას” 11 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში აცნობეს, ამ დროისთვის 128 გაქცეულიდან 36 დაკავებულია. 1 გაქცეული ჯერ კიდევ 10 სექტემბერს ღამით მშობლებმა მიიყვანეს დეპარტამენტში.
ბოლო წლის განმავლობაში პატიმრების მასობრივი გაქცევა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებიდან უკვე აღარავის აკვირვებს. მიზეზებიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი – მძიმე მდგომარეობა საპატიმრო ადგილებში, სისტემის არასრულყოფილი დაფინანსება, ციხეებისა და კოლონიების დაცვის თანამშრომლების მიზერული ხელფასები, სისტემაში არსებული კორუფცია.
“ასეთი პროცესები მართული პროცესებია და არა მარტო სასჯელაღსრულებითი დაწესებულების შიგნიდან, არამედ გარედანაც, რადგან ასეთი მასშტაბური გაქცევები არ ხდება ერთი და ორი პატიმრის გადაწყვეტილებით, და არც ერთი და ორი ბადრაგის დახმარებით. ეს არის სერიოზული დაგეგმილი ოპერაცია”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელმა ნანა კაკაბაძემ.
მისი თქმით, გამოკვლეული უნდა იქნას, თუ რომელი კერძო პირები თუ სტრუქტურები შეიძლება ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, რომ პენიტენციალურ სისტემაში იყოს დესტაბილიზაცია, რომლებსაც შეეძლოთ დახმარება აღმოეჩინათ პატიმრებისთვის და მათი პროვოცირება მოეხდინათ.
ამ გაქცევით, სერიოზული საფრთხე შეექმნა როგორც პენიტენციალურ სისტემას, ასევე უპირველეს ყოვლისა მოსახლეობასაც. ნანა კაკაბაძეს მიაჩნია, რომ ასეთი გაქცევის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ დასრულებულიყო რუსთავის გზატკეცილზე დახურული ტიპის ციხის მშენებლობა, სადაც განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს და იმ პირებ მოათავსებდნენ, რომლების სიტუაციას “მართავენ ციხეში”. მისი თქმით, ასეთი სახის დაწესებულებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მიღებული და საქართველოშიც აუცილებელია მისი არსებობა მსგავსი შემთხვევებისგან დასაზღვევად.
მიმდინარე წელს სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ხელმძღვანელობა უკვე მეორედ შეიცვალა, მაგრამ პატიმართა გაქცევის ფაქტები ამით არ შეჩერებულა. ბოლო 4 თვის განმავლობაში ამ ბოლო გაქცევამდე, დეპარტამენტის ინფორმაციით, პატიმრების გაქცევის 6 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა დროსაც, საერთო ჯამში 49 პატიმარი გაიქცა.
რუსთავის კოლონიიდან გაქცეული პატიმრების დასაკავებლად მობილიზებლია პროკურატურის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს ძალები. რუსთავის მიმდებარე ტერიტორიებზე ტარდება შემოწმებები და პატიმრების აღმოჩენის შემთხვევაში ძალოვნები სპეცოპერაციებს ატარებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, გაქცეული პატიმრების დაკავებისას ჯერ-ჯერობით სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, არის ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი გაქცეულის ლიკვიდაციასაც.
პენიტენციალური სისტემა მთელი თავისი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებით რამდენიმე წლის წინ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებიდან. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი და მათ შორის პრეზიდენტი შევარდნაძეც მიიჩნევს, რომ პატიმრების მასობრივი გაქცევის შემთხვევების გახშირება სწორედ ამ რეფორმის შედეგია.
როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ ზაფხულის დასაწყისში განაცხადა, პენიტენციალური სისტემის გადასვლა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეცდომა იყო. მოსახლეობაში კი მუსირებს აზრი, რომ გაქცევების შემთხვევების გახშირებაში წვლილი გარკვეულწილად შსს-ის ყოფილ და ამჟამიდნელ ხელმძღვანელობასაც მიუძღვის, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ პენიტენციალური სისტემა შსს-ის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს.
10 სექტემბერს რუსთავის კოლონიიდან მომხდარ გაქცევასთან დაკავშირებით აღძრულია საქმე, გაქცეულთა დაკავების ოპერაციების პარალელურად მიმდინარეობს მოკვლევა. როგორც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, გამორიცხული არ არის, რომ ამ შემთხვევას იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურებში გარვეული საკადრო ცვილლებები მოჰყვეს.
სოსო ხაჩიძე, სივილ ჯორჯია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)