(თბილისი, 15 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი შეცდომად მიიჩნევს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების იუსტიციის სამინისტროსთვის დაქვემდებარებაში ყოფნას და აცხადებს, რომ ეს ნაჩქარევი ნაბიჯი იყო.
“იუსტიციის სამინისტრომ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, რისი შედეგიცაა ბოლო პერიოდში პატიმართა გაქცევის გახშირებული ფაქტები, განსაკუთრებით კი, რამდენიმე დღის წინ მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან პატიმრების მასობრივი გაქცევა. ჩვენ ვმსჯელობთ ახლა ამ საკითხის მოგვარებაზე, პირველ ეტაპზე ისევ იმ მოსაზრებაზე ვრჩებით, რომ მოხდეს ციხის გარე პერიმეტრის შინაგანი ჯარებით დაცვა”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება და მთავრობა ამ საკითხის მოგავრებაზე მსჯელობს.
10 სექტემბერს რუსთავის მკაცრი რეჟიმის #2 კოლონიიდან 129 პატიმარი გაიქცა, აქედან 70 უკვე დაკავებულია. პრეზიდენტის თქმით, ვინც სამართალდამცავ ორგანოებს ნებაყოფლობით ჩაბარდება, მათზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)