Site icon Civil.ge

უშიშროების საბჭო არ ფლობს ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებთან ბურჯანაძის კავშირის შესახებ

(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ მას არ გააჩნია რაიმე ინფორმაცია პარლამენტის თავჯდომარის ნინო ბურჯანაძის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. 

8 ოქტომბერს სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” სპიკერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ ნინო ბურჯანაძე რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში დაადანაშაულა.

“არ ვაპირებ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას. ამ მომენტისთვის მე არ გამაჩნია რაიმე ოპერატიული მასალა, რაც სარიშვილი-ჭანტურიას ბრალდებას დაადასტურებს. მე დავუკავშირდი უშიშროების სამინისტროს, არც მათ გააჩნიათ რაიმე მასალები. იმედია, ირინა სარიშვილი-ჭანტურია მოგვაწვდის დოკუმენტებს და მათზე დაყრდნობით, ჩვენ დავადგენთ, რამდენად ადეკვატურია ეს ბრალდებები”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ 9 ოქტომბერს დამოუკიდებელ ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის პირდაპირ ეთერში.

ჯაფარიძემ მოუწოდა პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებიც გაამწვავებს ურთიერთობას რუსეთთან, “რადგან ის საქართველოს რთული პარტნიორია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)