(თბილისი, 13 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის კრიტიკით გამოდის და აცხადებს, რომ ქვეყნის მეორე პირი პრეზიდენტის საწინააღმდეგო განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.
“არ შეიძლება ქვეყნის მეორე პირი, როგორც თავად აცხადებს, მუდამ ყველაფერში პრეზიდენტს ადანაშაულებდეს და მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდეს. თუ მეორე პირია, მაშინ სხვანაირად უნდა მოიქცეს”, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
შევარდნაძე უარყოფს ბურჯანაძის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის ირინა სარიშვილი-ჭანტურიასთვის ბურჯანაძის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთების დავალების მიცემის თაობაზე. ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ ნინო ბურჯანაძე გასულ კვირას რუსეთის სპეცსამსახურებთან ფარულ კავშირში დაადანაშაულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)