(თბილისი, 2 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები,” რომელიც აკვირდებოდა ოთხ საარჩევნო ოლქში 30 ნოემბერს ჩატარებულ მაჟორიტარი დეპუტატის ხელახალ არჩევნებს, აცხადებს, რომ არჩევნებმა კვლავ სერიოზული დარღვევებით ჩაიარა.
“ხელისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების შეგნებულ საბოტაჟს ეწევა,” ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, განსაკუთრებულად მძიმე ვითარება იყო რუსთავში, სადაც საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებზე ზეწოლისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტებს.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტს შეეწირა 37 წლის მედეა ბერიძე, რომელიც დამკვირვებლად იმყოფებოდა რუსთავში. “სამართლიანი არჩევნების” ცნობით ადგილი ჰქონდა ბერიძის მოსყიდვას. უარის შემდეგ დაიწყო მასზე ზეწოლა და შანტაჟი, რის გამოც მედეა ბერიძეს გულის შეტევა დაემართა.
მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ოთხ საარჩევნო ოლქში ჩატარდა: სამტრედიაში, აბაშაში, რუსთავსა და თბილისის საბურთალოს რაიონში.
სამტრედიასა და აბაშაშაი “მოქალაქეთა კავშირის” წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს, ხოლო საბურთალოს რაიონსა და რუსთავში არჩევნები, ამომრჩეველთა არასაკმარისი რაოდენობის გამოცხადების გამო ჩაიშალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)