Site icon Civil.ge

რუსეთი ქართულ და ოსურ მხარეებს ნდობის აღდგენისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 21 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე იაკოვენკო მიესალმება საქართველოსა და “სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ინიციატივას მხარეებს შორის ნდობის აღდგენის თაობაზე.

მოლაპარაკებები სამაჩაბლოში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ჰააგაში 14-17 ოქტომბერს ჩარატდა, რომლის დროსაც მხარეებმა ვერ შეძლეს რაიმე შეთანხმებისთვის მიეღწიათ ურთიერთობების მოგვარების საქმეში.

“ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფაქტის დრამატიზებას. უარყოფითი შედეგიც კი სასარგებლო გაკვეთილია მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარისთვის. ჰააგის მოლაპარაკებებმა დაადასტურა, რომ თუ არ არსებობს ნდობა მხარეებს შორის, არც რაიმე პროგრესი იქნება მიღწეული მოლაპარაკებებში”, – განუცხადა იაკოვენკომ ჟურნალისტებს 21 ოქტომბერს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს “რია ნოვოსტის” ცნობით, იაკოვენკომ განაცხადა, რომ “რუსეთი მზად არის მხარეებს დახმარება გაუწიოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში”. თუმცა, მისი თქმით, მხარეები უნდა ეცადონ დაძლიონ ურთიერთუნდობლობა და თავიდან აიცილონ მორიგი კონფრონტაცია კონფლიქტის ზონაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)