Site icon Civil.ge

აჭარის ლიდერი თბილისის მითითებებს არ ემორჩილება და ამავე დროს გამოყოფას გამორიცხავს

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან მიხეილ კასიანოვთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომ იგი სამხედრო ძალას გამოიყენებს, თუ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა შეეცდება თავისი ძალაუფლების დამყარებას ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ამავე დროს მან განაცხადა, რომ აჭარა დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ აპირებს.

“ხალხს, რომელიც ძალის გამოყენებით მოვიდა ხელისუფლებაში, არავითარი უფლება არა აქვს ვინმეს მითითებები მისცეს, განსაკუთრებით მათ ვინც კანონიერად იქნა არჩეული”, – განაცხადა აბაშიძემ 26 ნოემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.

“ჩვენ ულტრანაციონალისტებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ”, – განაცხადა აბაშიძემ და უსისხლო რევოლუციას “სახელმწიფო გადატრიალება” უწოდა.

ასლან აბაშიძე, რომელმაც აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თბილისთან კავშირი გაწყვიტა, მოსკოვში 25 ნოემბერს ჩავიდა და უკვე შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და მოლაპარაკებები გამართა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან.

სავარაუდოდ, 27 ნოემბერს ასლან აბაშიძე მოლაპარაკებებს გამართავს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან რაულ ხაჯიმბასთან.

საქართველოს ახალ ხელმძღვანელობას ასლან აბაშიძესთან საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულება აქვს.

მიხეილ სააკაშვილმა, რომლის კანდიდატურაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წარადგინა, 26 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი მზად არის აბაშიძესთან მოლაპარაკებებისთვის. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ “აბაშიძე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში”.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)