Site icon Civil.ge

ზურაბ ჟვანია სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტმა დღეს 140 ხმით 0 წინააღმდეგ დაამტკიცა ზურაბ ჟვანიას კანდიდატურა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე.

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ჟვანიამ განაცხადა, რომ საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ერგო ძველი მთავრობისგან.

“ბიუჯეტი კოლაფსის ზღვარზეა, სიტუაცია უკიდურესად რთულია საპენსიო ფონდსა და ენერგეტიკის სფეროში; გარკვეული სირთულეებია რეგიონებშიც, პურის ფასები იზრდება. მეც და სხვებსაც, ვინც ახალი მთავრობის წევრები გავხვდებით, ყველა ამ პრობლემასთან მოგვიწევს გამკვლავება”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

მისი განცხადებით, ხელისუფლება უზრუნველყოფს წინა მთავრობისა და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერთა უსაფრთხოებას.

“ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას, კანონიერებას და წესრიგს. და არავინ არ უნდა ეცადოს ქვეყანაში სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას, როგორც ეს ზოგიერთ ადამიანს სურს. მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა ჟვანიამ.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ეს საქართველოსთვის ისტორიული მომენტია. ახლა ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ დავაკაკუნოთ ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების კარებზე”, – დასძინა ჟვანიამ.

ზურაბ ჟვანია “გაერთიანებული დემოკრატების” პარტიის თავჯდომარე და საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

1995-2001 წლებში ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავჯდომარე იყო, ხოლო 2000 წლამდე “მოქალაქეთა კავშირის” ერთ-ერთი ლიდერი, სანამ მან საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი ედუარდ შევარდნაძესთან და ოპოზიციური პარტია “გაერთიანებული დემოკრატები” ჩამოაყალიბა.

პარლამენტის თავჯდომარის პოსტი მან 2001 წელს დატოვა შევარდნაძის მთავრობის მიმართ პროტესტის ნიშნად.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)