(თბილისი, 2 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ გუშინ მაასტრიხტში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი თავისი ცალმხრივი გადაწყვეტილებებით ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
“ჩვენ რუს კოლეგებს უნდა ესმოდეთ, რომ ისეთი მოქმედებები, როგორიც გასულ კვირას დაფიქსირდა მოსკოვში, ძირს უთხრის საქართველოს სოვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გვაიძულებს კონფრონტაციული პოზიცია დავიკავოთ რუსეთთან მიმართებაში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მაასტრიხტში.
მოქმედი პრეზიდენტი მოსკოვში ჩატარებულ მოლაპარაკებებს გულისხმობდა, რომლის დროსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯიმბას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.
“ჩვენ მზად ვართ ჩვენი ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, თუმცა ეს ურთიერთობები თანასწორუფლებიანი უნდა იყოს”, – დასძინა ნინო ბურჯანაძემ.
მოქმედი პრეზიდენტი 2 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს შეხვდება, რომელიც ასევე იმყოფება მაასტრიხტში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)