(თბილისი, 5 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში რუსეთის საელჩოს მრჩეველზე ვიქტორ რინზაზე თავდასხმის გამო და ინციდენტს “დანაშულებრივი პროვოკაციული ქმედება” უწოდა.
“რუსეთის მხარე პროტესტს გამოთქვამს ამგვარი ფაქტების გამო და აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მოქალაქენი და დიპლომატები საქართველოში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლნი გახდნენ”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან დააკავონ და დასაჯონ დამნაშავენი და აღკვეთონ მომავალში ანალოგიური შემთხვევები.
საქართველოში რუსეთის საელჩოს მრჩეველს ვიქტორ რინზას დღეს დილით თბილისში დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და გაძარცვეს. ანალოგიური ინციდენტი თბილისში აგვისტოშიც მოხდა, როცა რუსეთის საელჩოს პირველ მდივანს ალექსანდრე ვალიუხს ასევე გაძარცვის მიზნით დაესხნენ თავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)