(თბილისი, 8 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა 7 დეკემბერს პანკისის ხეობაში თენგიზ ხანგოშვილი დააკავეს. იგი ადამიანთა გატაცების რამოდენიმე ფაქტშია ეჭვმიტანილი.
“თენგიზ ხანგოშვილმა უკვე აღიარა, რომ მან 2000 წელს ორი ესპანელი ბიზნესმენის გატაცებაში მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ხანგოშვილი მევლუდ ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი იყო. ეს უკანასკნელი მოსკოვში ივნისში დააკავეს. თუმცა, მისი ექსტრადირება გაურკვეველი მიზეზების გამო ფერხდება.
სამართალდამცავ სტრუქტურებს არა აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე მონაწილეობდა, თუ არა ხანგოშვილი “გაერთიანებული ქართული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თამაზ მაღლაკელიძის გატაცებაში.
მაღლაკელიძე 5 დეკემბერს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, თამაზ მაღლაკელიძე, სავარაუდოდ, გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)