Site icon Civil.ge

ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვეს

ევროპარლამენტის წევრებმა 18 დეკემბერს რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც მათ საქართველოს მოსახლეობას მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილებები მოულოცეს.


მათი განცხადებით, ევროპარლამენტი ხელს შეუწყობს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში. 


ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში სამართლიანი, თავისუფალი და გამჭირვალე უნდა იყოს და აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოსახლეობამაც უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა. 


მათ მოუწოდეს ევროკავშირს მხარი დაუჭიროს საქართველოს ახალ ხელისუფლებას და პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიოს მას.


ევროპარლამენტმა რუსეთის ხელისუფლებას მოსთხოვა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები საქართველოდან სამხედრო ბაზების გამოყვანის თაობაზე.


დეპუტატებმა დაგმეს მოსკოვში ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერთა მონაწილეობით და მოუწოდეს რუსეთს კონსტუქციული როლი ითამაშოს საქართველოში დაძაბულობის მოხსნის საქმეში და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


რაც შეეხება საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, პარლამენტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამო და მოუწოდა ევროკომისიას სასწრაფოდ განიხილოს საქართველოს მოსახლეობისადმი დახმარების საკითხი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)