Site icon Civil.ge

საქართველოს 25 იანვრიდან ახალი დროშა და ახალი პრეზიდენტი ეყოლება

ხელისუფლება ინაუგურაციის თვის ემზადება

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის ორდღიანი, პომპეზური ცერემონიალისთვის ემზადება, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 24-25 იანვარს გაიმართება.

მთავარი ღონისძიება 25 იანვარს ჩატარდება, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ, ქართველი ხალხის წინაშე საკონსტიტუციო ფიცს დადებს. ერთი დღით ადრე კი გელათში სააკაშვილს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დალოცავს. 

ინაუგურაციის ცერემონიას ეუთო-ს, ევროკავშირის, ნატოსა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად 20 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია დაესწრება, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი.

საქართველოს ხელისუფლება კოლინ პაუელის ვიზიტს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რადგან ამ ვიზიტს აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერის აშკარა გამოვლენად აფასებს. აღსანიშნავია, რომ თბილისიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის ხელმძღვანელობასთან საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხ კიდევ ერთხელ დააყენებს.

22 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადამ ერელიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს საქართველოდან საკუთარი ჯარები.

მოწვეულ სტუმრებს შორის არ იქნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის დღეს 77 წლის შესრულდება. “ქართველი ხალსი ასე მიულოცავს შევარდნაძეს დაბადების დღეს” – განაცხადა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში. 

ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები თბილისისა და ქუთაისის გარდა ბათუმსა და ფოთში გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი თავად აპირებს ჩაიბაროს აღლუმი ბათუმში, რასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე, წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. 

ბათუმში, ინაუგურაციის დღეს სააკაშვილის ჩასვლასაც სიმბოლური ხასიათი აქვს. როგორც თავად 21 იანვარს განაცხადა, ამით იგი დაამტკიცებს რომ “ერთადერთი ტერიტორია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ეს აფხაზეთია.” მისი თქმით თბილისი ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარკვეულ ნაწილსაც უკვე უწევს კონტროლს. 
 
ბათუმში სამხედრო აღლუმის ჩაბარების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თბილისში ჩამოვა და ღია ცის ქვეშ, პარლამენტის შენობის წინ საკონსტიტუციო ფიცს დადებს, რომელსაც თბილისში ამ დღისადმი მოწვეული 150-მდე ოფიციალური პირი დაესწრება.  ამავე დროს, იგი საზეიმოდ ხელს მოაწერს აქტს საქართველოს ახალი, ხუთჯვრიანი დროშის შესახებ, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

ორ დღიანი ცერემონიალისთვის მზადება უკვე დაწყებულია. გაძლიერებულია უშსაფთხოების ზომები. პარლამენტის შენობის წინ ეწყობა სპეციალური სცენები. მიმდინარეობს ქუჩების კეთილმოწყობა. 23 იანვარს რუსთაველის მოედანზე რეპეტიციებს გადიოდნენ სამხედრო შენაერთები, რომელსაც თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე პირადად ხელმძღვანელობდა. თბილისში დაგეგმილ სამხედრო აღლუმში მონაწილეობას ასევე მიიღებს “წვრთნისა და აღჭურვის” 4 ბატალიონი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამხედრო აღლუმი საქართველოში ბოლო ოთხი წელია ფინანსური პრობლემების გამო არ გამართულა.

ამ ღონისძიებებს ორგანიზებას უკეთებენ რეჟისორები ავთანდილ ვარსიმაშვილი და გოჩა კაპანაძე. “ეს იქნება გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ქართველი ხელოვანებიც მიიღებენ” – განაცხადა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.

ცერემონიალის ოფიციალური მხარის დასრულების შემდეგ ღონისძიება გაიმართება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მონაწილეობას ძირითადად ის ქართველი ხელოვანები მიიღებენ, რომლებიც ამ დროისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით მოღვაწეობენ, მათ შორის ლიანა ისაკაძე, მარინა იაშვილი, ნინო ანანიაშვილილი, ირმა ნიორაძე, პაატა ბურჭულაძე და სხვები.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ არსებული ფინანსური პრობლემების პირობებში გაუმართლებელი იყო ამგვარი პომპეზური ინაუგურაცია, თუმცა როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს, წარმატებული “ვარდების რევოლუციის” შემდეგ “ინაუგურაციაც შესაფერისი უნდა ყოფილიყო.” “ზეიმი ქვეყანას ყოველთვის ჭირდება” – დასძენს ნინო ბურჯანაძე, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების შემდეგ კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს უბრუნდება.