| სააკაშვილმა, რომელიც მთავარსარდალიც გახდა, თბილისში, ბათუმსა და ფოთში აღლუმები ჩაიბარა. |
„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას და ერთიანობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობებს, ვიზრუნებ ჩემი ხალხის უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვაზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ.
მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს. ამასთან, მან დასძინა რომ საქართველო მზად არის “მეგობრობის ხელი გაუწვდინოს რუსეთს.”
სააკაშვილმა, სიმბოლურად, საქართველოს ახალ დროშასთან ერთად, პარლამენტის წინ, ბეთხოვენის მე-9 სიმფონიის ფონზე, რომელიც ევროკავშირის ჰიმნს წარმადგენს, ევროპის დროშაც აღმართა. “საქართველო ევროპის ნაწილია და ეს დროშა ჩვენი დროშაც არის” – განაცხადა ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, რომელმაც 4 იანვრის არჩევნებში ხმათა 96%-ზე მეტი დააგროვა.
„საქართველო იქნება სტაბულური მოკავშირე ყველა იმ ქვეყნისათვის, ვისაც ჩვენთან კარგი ურთიერთობების დამყარება სურს. ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ რჩება ევრო-სტრუქტურებში ინტეგრაცია. მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც ურთულეს პერიოდში უდიდესი დახმარება გაგვიწია. მინდა მეგობრობის ხელი გავუწოდო რუსეთს და დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს მეგობრობა განვითარდეს. წინ დიდი სირთულეები გველის, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, გავერთიანდეთ და დავძლიოთ არსებული პრობლემები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ინაუგურაციის ცემონიაზე.
პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის არიან უცხოელი სტუმრები და საზღვარგარეთის ოფიციალური დელეგაციები.
