Site icon Civil.ge

მმართველი პარტიის შექმნა შეკითხვებს ბადებს






“გაერთიანებულმა დემოკრატებმა” და “ნაციონალურმა
მოძრაობამ” მმართველი პარტია დააფუძნეს. 
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “გაერთიანებული დემოკრატები” ერთიან პოლიტიკურ ძალას ქმნიან და 28 მარტს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთიანი სიებით აპირებენ.

ახალი მმართველი პარტიის შექმნამ უკვე გამოიწვია ვარაუდები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რევოლუციის ლიდერებს შორის დაპირისპირებას, ახალი ოპოზიციური ძალების ჩამოყალიბებას და ასევე საფრთხე შეექმნას ახალ პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას.

ახალი გაერთიანებული პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდება ჯერ მოფიქრებული არ არის, ახალი ხელისუფლების და უშუალოდ ახალი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დასაყრდენი იქნება.

“დღეის შემდეგ არ არსებობს ცალკე “დემოკრატები” და ცალკე “ნაციონალები”, არ არსებობს ამ ორი ძალის გამყოფი ნიშნები. ჩვენ ძალიან კარგად ვათვიცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას რაც დაგვაკისრა თითოეულს საზოგადოებამ, რომელმაც 96%-ით მხარი დაუჭირა ჩვენს ლიდერს მიხეილ სააკშვილს და ჩვენი ამოცანაა ვზიდოთ ერთად ეს ტვირთი” – განაცხადა 28 იანვარს სასტუმრო “მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.

“ეს ძალა იქნება ისეთი, გაერთიანება, სადაც ყველა პასუხისმგებელი იქნება საზოგადოების წინაშე და გასცემს პასუხს ყველა მათ შეკითხვას. გაერთიანებული პარტია გამოკვეთილად იქნება სახელისუფლებო ძალა და მისი მთავარი დასაყრდენი” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კოტე კემულარიამ.

გაერთიანების პრეზენტაციას არ ესწრებოდა ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ქვეყნის პირველ პირად ორთვიანი ყოფნის შემდეგ დასვენება გადაწყვიტა და ლონდონს გაემგზავრა. ამ ფაქტმა მაშინვე გააჩინა ეჭვები, რომ ნინო ბურჯანაძე თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან განშორებას აპირებს. მომზადების სტადიაში მყოფი საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, პოლიტიკურად სუსტ პარლამენტს ითვალისწინებს, ამ ეჭვებს კიდევ უფრო ზრდის. ნინო ბურჯანაძეს ნათქვამი აქვს, რომ იგი არ აპირებს “იყოს სუსტი პარლამენტის თავმჯდომარე.”
 
“ეჭვებს მართლაც ბადებს ის რომ ამ ღონისძიებას არ ესწრებოდა ერთ-ერთი მთავარი სახე ნინო ბურჯანაძე. ” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას რადიო “თავისუფლების” პოლიტიკურმა მიმომხილვევლმა ია ანთაძემ.

“ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მოდელი თურქმენულ-ყაზახურ მოდელს უფრო წააგავს, სადაც მთელი ძალაუფლება და ბერკეტები პრეზიდენტს გააჩნია, პარალმენტი კი სუსტდება. ამან შესაძლოა ნინო ბურჯანაძის უკმაყოფილება გამოიწვიოს, რადგანაც მას არ სურს და ეს მართალიც არის უსუსური პარლამენტის თავმჯდომარეობა. ნინო ბურჯანაძეს რჩება ორი გზა ან დათანხმდეს ამ მოდელს, ან გაემიჯნოს პოლიტიკურ მოკავშირეებს. ამის გარკვევა კი მისი თბილისში დაბრუნების შემდეგ მოხდება” – დასძენს ია ანთაძე.

თუმცა თავად ზურაბ ჟვანია ამ ეჭვების გაფანტვას ცდილობს და რევოლუციის ლიდერებს შორის არსებულ უთანხმოებას კატეგორიულად უარყოფს. ზურაბ ჟავნიას განმარტებით ამ გაერთიანების შესახებ ინფორმირებული არიან თავად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

“ამ გაერთიანების შესახებ მიხეილ სააკაშვილთან მთელი ღამის განმავლობაში ვისაუბრე. მან კი დილით 7 საათზე გამგზავრების გამო ვერ მოახერხა კომენტარის გაკეთება. ასევე ინფორმირებულია ნინო ბურჯანაძე, რომელთანაც ამ გაერთიანების შესახებ კონსულტაციები რამდენიმე კვირით ადრე გვქონდა. ამის შესახებ ჩვენ შორის საუბარი ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის დღეებში დაიწყო” –  განაცხადა ზურაბ ჟვანიამ. 
 
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მმართველი პარტიის დაფუძნებას არ ესწრებოდნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთ საარჩევნო ბლოკში მყოფი პარტიების “რესპუბლიკელებისა” და “ეროვნულ ძალთა გაერთიანების” წარმომადგენლები.

“მათი აქ არ ყოფნა იმით აიხსნება, რომ ისინი უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ არიან. ეს გაერთიანება კი მხოლოდ ნაციონალების და დემოკრატების წევრებს აერთიანებს” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც სულ ახლახანს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. 

“ჩვენ მოვიაზრებით ნაციონალების პარტნიორ პარტიად და აქედან გამომდინარე არც პრეტენზია არ გაგვაჩნია, ზურაბ ჟვანიას ამ გადაწყვეტილებით ჩვენ დამოკიდებულებაში არაფერი არ იცვლება. ხოლო თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ მას აღარ სურს ჩვენთან პარტნიორობა, შემდგომ ვიფიქრებთ გავხდეთ ოპოზიცია თუ არა. ახლა კი ჩვენ ერთიანი საარჩევნო სიებით ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა. 
 
ახალი გაერთიანებული ძალა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და უმოკლეს დროში ჩატარებულ ყრილობაზე უკვე დასახელდება სახელწოდება და საარჩევნო სიები. ასევე გაირკვევა გაერთიანებული პოლიტიკური ძალის ლიდერი. 

“პარტიული სია არ აიგება ქვოტირების საკითხზე. სიები შედგება მხოლოდ იმ ნიშნით, თუ ვის რა სარგებლობის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის. სახელზე და ნიუანსებზე ცალკე გვექნება საუბარი. ეს არ იქნება “მოქალაქეთა კავშირი”, მას განსხვავებული შეხედულებები ექნება. იგი მიმართული იქნება რეფორმებისკენ და პრეზიდენტისთვის მყარ პოლიტიკურ დასაყრდენს შექმნის” – აცხადებენ გაერთიანებული ნაციონალები და დემოკრატები. 

საერთაშორისო დამკვირვებლები, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ახალი მმართველი ძალის შექმნით ჩნდება საფრთხე, რომლითაც შესაძლოა 28 მარტს არჩეული პარლამენტი ერთპარტიული აღმოჩნდეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 28 იანვარს მიიღო რეკომენდაციათა პაკეტი, რომელთაგან ერთი სწორედ ამ საკითხ ეხება. ევროპის საბჭომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინოს ახალ პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებლობა და 7%-იანი საარჩევნო ბარიერის 5%-მდე დაწევა ურჩია.

„თუ არჩევნების დასრულდების შემდეგ პარლამენტში ერთადერთი მმართველი კოალიცია შევა, ასამბლეა შიშობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის მომავალს სერიოზული საფრთხე შეექმნება“, – განაცხადა საპარლამენტო ასამბლეამ.