Site icon Civil.ge

საკონსტიტუციო ცვლილებებმა შესაძლოა რევოლუციის ლიდერებს შორის უთანხმოება წარმოშვას







ბურჯანაძეს სუსტი პარლამენტის თავმჯდომარეობა
არ სურს.

როგორც მრავალი პოლიტიკური მიმომხილველი ვარაუდობს, მოსალოდნელმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რომელიც პარლამენტის შესუსტებას გამოიწვევს, შესაძლოა რევოლუციის ლიდერებს შორის გარკვეული უთანხმოება გამოიწვიოს.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ უკვე დააფიქსირეს პოზიცია, რომ მათ ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ხილვის სურვილი აქვთ, რომლებსაც “უმოქმედო პარლამენტის” დათხოვნის უფლება ექნებათ.

ამასობაში კი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ძლიერი პარლამენტის არსებობის მომხრეა, რომელიც ეფექტურ კონტროლს გაუწევდა აღმასრულებელ ხელისუფლებას.

ახალი ხელისუფლების ოპონენტები უკვე მიანიშნებენ იმ უარყოფით მხარეზე რაც პრეზიდენტის 96%-ით არჩევას შეიძლება მოჰყვეს. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი შეეცდება გამოიყენოს მოსახლეობის უაღრესად დიდი მხარდაჭერა და სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლებას პრეზიდენტის ხელში მოუყაროს თავი.

ნინო ბურჯანაძე, ლონდონში გამგზავრებამდე, სადაც იგი დასასვენებლად იმყოფება, 22 იანვარს შეხვდა ჟურნალისტებს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა. საკონსტიტუციო ცვლილებები შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა.

“მე ვერ ვხედავ საკუთარ თავს სუსტ პარლამენტში” – უთხრა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

ბურჯანაძე, რომელიც ქვეყნის პირველი პირი იყო გარდამავალ პერიოდში – 23 ნოემბრიდან, როდესაც შევარდნაძე გადადგა, 25 იანვრამდე – ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე – აღიარებს, რომ რევოლუციის ლიდერებს შორის, ანუ მას, ჟვანიასა და სააკაშვილის შორის, მცირედი უთანხმოება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მართლაც არსებობს.

“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტი იქნება აბსოლუტურად შეჯერებული და არც ბატონი მიხეილი და არც ბატონი ზურაბი არ დაუჭერენ მხარს ისეთ ვარიანტს, სადაც პარლამენტის როლი იქნება შესუსტებული” აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

თუმცა, ნინო ბურჯანაძეს შესაძლოა იმედები გაუცრუვდეს. ზურაბ ჟვანიამ 28 იანვარს განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ისეთ მოდელს, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას “უმოქმედო პარლამენტის დათხოვნის უფლებას მისცემს.”

“ჩვენ გვჭირდება ისეთი მოდელი, რომელიც აპრობირებული არის მსოფლიოს უმეტეს ქვეყენაში. პარლამენტის დასუსტებაზე, როცა არის საუბარი ზოგიერთებს ავიწყდებათ, რომ ზუსტად ეს მექანიზმები დემოკრატიული ქვეყნების 95% აქვს. ეს პიროვნებები კი ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ჩვენ ვიგონებთ მექანიზმს პარლამენტის დათხოვისა და ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის, მე არ ვაპირებ ამ უსასრულო დისკუსიებში მონაწილეობას” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

29 იანვარს, გერმანიაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი “ძლიერი პრეზიდენტის” მომხრეა. “მე არ ვაპირებ უფუნქციო პრეზიდენტი ვიყო” – დასძინა მან.

ჟვანიასა და სააკაშვილის თქმით ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება რეფორმების გატარებისთვის არის აუცილებელი.

“უდავოა პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს რეფორმებს, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს მაქსიმლურად კრიტიკული აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ოპოზიციონერობა ნამდვილად აღარ დამჭირდება, რადგან ხელისუფლებაში ყველა თანამოაზრეები ვართ, თუმცა კრიტიკა და კამათი ბუნებრივია იქნება. იმედი მაქვს, რომ არა იმ დოზით, რომ ამან ოპოზიციონერობის ფორმა მიიღოს”, აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

რადიო “თავისუფლების” პოლიტიკური მიმომხილველი ია ანთაძე აცხადებს, რომ ბურჯანაძე უკმაყოფილო იქნება თავისი მოკავშირეების პოზიციით. “ბურჯანაძეს ორი არჩევანი აქვს – ან დაეთანხმოს შემოთავაზებულ მოდელს, ან გაემიჯნოს მოკავშირეებს და კვლავ ოპოზიციაში გადავიდეს” – დასძინა მან.


საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი სასტიკად აკრიტიკებს პარლამენტის უფლებების შემცირებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ არსებულმა კონსტიტუციამ კრიზისის მართვის გამოცდა ღირსეულად ჩააბარა “ვარდების რევოლუციის” დროს, როცა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფება არ ჰქონდა.

“მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც პოსტ-რევოლუციურ ეიფორიაში იმყოფება და რევოლუციის სახელით კერძო ან პარტიული ინტერესების სახელმწიფო ინტერესებად გასაღებას ცდილობს” – აცხადებს თინა ხიდაშელი.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ არსებული კონსტიტუცია მცირედ ცვლილებებს მართლაც საჭიროებს, თუმცა იგი შიშობს, რომ “ხელისუფლების მცდელობა განახორციელოს ფუნდამენტალური ცვლილებები უფრო კონკრეტული პირების ინტერესებზე მორგებით უფრო ხდება, ვიდრე ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებისთვის.”

ექსპერტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე შეშფოთებულნი არიან იმ კონფიდენციალურობით, რომელშიც საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავება ხდება. პროექტზე მუშაობა იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს, თუმცა იმ მიზეზით, რომ საბოლოო ვარიანტი ჯერ არ არსებობს, დეტალების გამჟღავნებისგან სამინისტრო თავს იკავებს.