| ლიდერები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომპრომისს აღწევენ. |
„ის იდეალური არ არის, თუმცა საწყის პროექტს სჯობია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 2 თებერვალს გამართული კონსულტაციების შემდეგ.
საბოლოო ვერსიის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ხელისუფლება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითად პრინციპებზე საუბრობს, რომლებიც ქვეყანაში მმართველობის სისტემის რეფორმირებას გულისხმობს.
პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ 4 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთიანი პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გაიმართება.
პროექტის საბოლოო ვერსია პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას გულისხმობს, რომელიც მინისტრთა კაბინეტის საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი. პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იქნება. თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები პრეზიდენტის უშუალო კონტროლს დაექვემდებარებიან.
პრეზიდენტს უფლება ექნება დაითხოვოს პარლამენტი ან მინისტრთა კაბინეტი, იმ შემთხევაში, თუ საკანონმდებლო ორგანი სამჯერ ვერ შეძლებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას. მეორე მხრივ, პარლამენტს ექნება უფლება დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი ხმების სამი მეხუთედით. ამგვარად, უნდობლობის გამოსაცხადებლად 235-კაციანი პარლამენტის 141 ხმა იქნება საჭირო.
კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნისთვის საჭირო მეთოდების განხორციელება საკმაოდ რთულია და „ეს მხოლოდ უკიდურესი პოლიტიკური კრიზისის დროს მოხდება“.
„პრეზიდენტი არ ჩაერევა მინისტრთა კაბინეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. პრემიერ-მინისტრი და კაბინეტის თითოეული წევრი იქნებიან პასუხისმგებელნი ყოვედღიურ საქმიანობაზე და რაიმე დარღვევის შემთხვევაში პრეზიდენტი გაათავისუფლებს როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე მთელ კაბინეტს“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 2 თებერვალს.
სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად „პარლამენტი სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო გაძლიერდება“.
პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო კანონპროექტი ქვეყნის პოსტ-რევოლუციური მდგომარეობის გამოხატულებაა.
„ვიცი, რომ ის პროექტი, რომელიც ამჟამად გვაქვს, იდეალური არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ პოსტ-რევოლუციურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და საკონსტიტუციო ცვლილებები, რა თქმა უნდა, ასახავს ამ ვითარებას. ვფიქრობ, რომ ახალი კონსტიტუცია გარდამავალი პერიოდისთვის, ალბათ ხუთი ან შვიდი წლისთვის, იქნება გათვალისწინებული. ამ პერიოდის გავლის შემდეგ იმედი მაქვს, რომ ჩვენ უფრო გრძელვადიან კონსტიტუციას მივიღებთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
იანვარში ნინო ბურჯანაძემ თავისი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ იგი ვერ ხედავს საკუთარ თავს სუსტ პარლამენტში. ამ განცხადებამ გარკვეული ვარაუდი წარმოშვა იმის თაობაზე, რომ რევოლუციის სამ ლიდერს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს.
ბურჯანაძემ აღიარა, რომ კონსულტაციები რთული იყო და გარკვეულ უთანხმოებებსაც ჰქონდა ადგილი. „ვეცადე უფრო მეტი ძალაუფლება მომეპოვებინა საკანონმდებლო ორგანოსათვის“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
„რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ყოლა იმას ნიშნავს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ექნება უფლება დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო. მე შევეცადე ეს შანსი მინიმუმამდე დამეყვანა. ამ მიზნით პარლამენტის დათხოვნის პროცედურები ბევრად გავართულე“, – დასძინა მან.
რევოლუციის სამ ლიდერს შორის მიღწეული კომპრომისის მიუხედავად, გარკვეული საკამათო საკითხები კვლავ არსებობს, რაც იურიდიულ ექსპერთა ეჭვებს ბადებს.
„ბევრ შემთხვევაში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. ამავე დროს, კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ბევრად უფრო დასუსტდება, ვიდრე ახლაა. სიტუაციაა სულაც არ არის იმგვარი, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს“, – განაცხადა იურიდიულმა ექსპერტმა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც 2 თებერვალს საკონსტიტუციო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მისი განცხადებით, მთავრობა მიმდინარე კვირას აპირებს ცვლილებების წარდგენას; ამგვარად კანონპროექტის საჯარო განხილვისათვის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადები დარღვეულია. „არა მგონია, რომ ეს სწორი მიდგომა იყოს იმ მთავრობისა, რომელიც ძალაუფლებაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის სახელით მოვიდა“, – დასძინა დავით უსუფაშვილმა.
პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახლანდელ მთავრობასთან ოპოზიციაში არიან, პროტესტს გამოთქვამენ კონსტიტუციური ცვლილებების მიღების მეთოდების გამო. „სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხის თაობაზე მიუღებელია. ჩვენ გვერჩივნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ახალ [28 მარტს არჩეულ] პარლამენტში გვემსჯელა“, – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ.
