ქუთაისში დღეს დილით სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტყიბულის მაჟორიტარი დებუტატი ბონდო შალიკიანი დააკავეს. პოლიციის ცნობით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩნდა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განცხადებით, ბონდო შალიკიანის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა 4 მარტს ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მანქანის გატაცებაში მხილებული ორი პიროვნების გაქცევის გამო ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით ორი პიროვნება თავს ბონდო შალიკიანის სახლს აფარებდა. დეპუტატის დაკავება იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით მოხდა.
სპეცოპერაციის დროს, რომელსაც გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა დაკავებული იქნა ასევე 15 ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით გამოძიება ჯერ ადგილზე შეისწავლის ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დაკავებულების, მათ შორის ბონდო შალიკიანის თბილისში გადმოყვანა.
ბონდო შალიკიანი ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატად 2003 წლის 2 ნოემბერს აირჩიეს, თუმცა როგორც გენპროკურორმა განაცხადა “მას ჯერ იმუნიტეტი არ იცავს.”
ბონდო შალიკიანი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია იმერეთში, რომელიც ნავთობპროდუქტების ბიზნესს ფლობს. ამას გარდა იგი ადგილობრივ ტელეკომპანია „ქუთაისის“ მფლობელიცაა.
ბონდო შალიკიანი არა ერთხელ დაუდანაშაულებით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის იმერეთის ყოფილ გუბერნატორს თემურ შაშიაშვილს, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში.
ქუთაისში სპეცოპერაციების სერია 4 მარტს დაიწყო, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადგილი ჰქონდა უშედეგო მცდელობას დაეკავებინათ ავტომობილების გატაცებაში ეჭვმიტანილი პირები. თუმცა ორმხრივი სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი შემთხვევითი გამვლელი, ორი პოლიციელი, ერთი კი დღეს საავადმყოფოში ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ასევე დაიღუპა ერთი ეჭვმიტანილი.
პოლიციამ ვერც ერთი ეჭვმიტანილის დაკავება ვერ შეძლო. მათი დაკავების ოპერაცია კვლავაც გრძელდება.
მომხდართან დაკავშირებით ქუთაისში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე და გენარალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)