Site icon Civil.ge

ემზარ კვიციანი კოდორის ხეობის პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობას ინარჩუნებს

პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი თანამდებობას ინარჩუნებს. ამის შესახებ დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.


“მართალია ემზარ კვიციანი ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერად ითვლებოდა, მაგრამ პრეზიდენტი ითვალისწინებს კოდორში არსებულ ვითარებას და ამ ეტაპისთვის და შემდგომაც ემზარ კვიციანი შეინარჩუნებს თანამდებობას” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


მისი თქმით, ემზარ კვიციანს მხოლოდ სარდლის თანამდებობა ჩამოერთვა, რომელიც მას თავდაცვის სამინისტროს მიერ ჰქონდა მინიჭებული. “ეს თანამდებობა მას თავდაცვის სამინისრტოში დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოერთვა” – დასძინა მერაბიშვილმა.


ეროვნული უშიშროების მდივნის ინფორმაციით, პრეზიდენტის დავალებით მთავრობა  უმოკლეს ვადაში, გაზაფხულზე როდესაც ხეობაში შესაძლებელი იქნება ჩასვლა, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კოდორის ხეობის მოსახლეობას, იქ მყოფ მესაზღვრეებს  და ეცდება მათ დახმარებას.


“ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტი ყურადღება მიექცევა იქ მყოფ მესაზღვრეებს, მოხდება მათი აღრიცხვა და ზუსტი კონტინგენტის დადგენა. ასევე დავეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ჩვენთვის სტრატეგიული ტერიტორიაა” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა არ აყვნენ გავრცელებულ ჭორებს.
 
გავრცელებული ინფორმაციით ემზარ კვიციანს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ გუჯეჯიანი დაუპირისპირდა და მისი გადადგომა მოითხოვა. ოთარ გუჯეჯიანი ემზარ კვიციანს ყოფილი ხელისუფლების მოკავშირედ ასახელებს და აცხადებს, რომ იგი უნდა გადადგეს.


ემზარ კვიციანი აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)