Site icon Civil.ge

თბილისელ გამომძიებლებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

შინაგან საქმეთა საგამოძიებო დეპატრამენტის ვაკე-საბურთალოს სამსახურის უფროსს ზაზა მესხს და ამავე სამსახურის ორ გამომძიებელს მამუკა მდინარაძეს და გიორგი ძიძიგურს დღეს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ თბილისში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებული მერაბ მიქელაძისა და ლაშა ჩახვაძის გათავისუფლების გამო თანამდებობრივი მოვალეობის გადაჭარბებაში ედებათ ბრალი.


თბილისში ბათუმელი სტუდენტების, რომლებიც “დემოკრატიული აღორძინების” წევრები არაიან, დაკავება იარაღის უკანონო ტარების მოტივით 24 თებერვალს მოხდა. ისინი 27 თებერვალს ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა ბათუმელმა სტუდენტებმა იმ დღესვე დატოვეს თბილისი და ბათუმში გაემგზავრნენ. გამოძიების მიერ მათი გამოძახების მიუხედავად ისინი თბილისში ჩამოსვლაზე უარს აცხადებენ.


დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დაკავებულ გამომძიებლებს უნდა დაესახელებინათ ის პიროვნებები, რომელთა შუამდგომლობითაც მოხდა სტუდენტების გათავისუფლება, თუმცა ვერ შეძლეს.


სტუდენტების გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს თავის დროზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ და გერმანიის ელჩმა უვე შრამმა მიმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტების გათავისუფლების საკითხში ჩართული იყო პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაც.  ამის შესახებ თავად აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ სტუდენტების გათავისუფლების თაობაზე მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ზურაბ ჟვანიასთან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)