Site icon Civil.ge

საგარეო საქმეთა მომავალ მინისტრს, საფრანგეთის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა  20 მარტს საფრანგეთის ელჩს საქართველოში სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საქართველოს მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრია, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.


ცოტა ხნის წინ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი თავის საფრანგეთის პასპორტსაც შეინარჩუნებს.


„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ორმაგ მოქალაქეობას ანიჭებს უცხოელს“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


11 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა პირველად განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩის სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე.


სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ქართველ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა.


„იგი ქართულს სრულყოფილად ფლობს და ჩვენი ისტორიაც შესანიშნავად იცის“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა 11 მარტს ჟურნალისტებს.


პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება 8-10 მარტს მის საფრანგეთში ვიზიტს მოყვა. სააკაშვილის განცხადებით, მან ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან ჟაკ შირაკთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დომინიკ დე ვილეპინთან განიხილა.


გასულ წელს საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნამდე სალომე ზურაბიშვილი 2001 წლის დეკემბრიდან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ეროვნული თავდაცვის სამდივნოს სტრატეგიულ და საერთაშორისო საქმეთა უფროსად მუშაობდა. 


მანამდე იგი იყო სტრატეგიულ საქმეთა დირექტორის თანაშემწე ნატოს, ევროპის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ოპერაციებში. იგი ასევე იყო ნატოში საფრანგეთის დელეგაციის წევრი.


ხმები სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის თაობაზე ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს, ახალი კაბინეტის შექმნამდე, გავრცელდა. თუმცა, შემდეგ ამ პოსტზე თედო ჯაფარიძე დაინიშნა.


მიხეილ სააკაშვილის თქმით, თედო ჯაფარიძე „გამოცდილი დიპლომატია და საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მისი გამოცდილება ნამდვილად გამოადგებათ“.


პრეზიდენტის წინადადებას 28 მარტს ახლადარჩეული პარლამენტი სავარაუდოდ აპრილში განიხილავს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)