Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მოვალების შემსრულებელი დანიშნა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლექტივს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სალომე ზურაბიშვილი წარუდგინა.


სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მანამდე საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 მარტს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, თუმცა იგი საფრანგეთის პასპორტსაც შეინარჩუნებს.


„მე მოვედი საგარეო საქმეთა სამინიტროში, როგორც თავისუფალი ადამიანი, ყოველგვარი ინსტრუქციების გარეშე საფრანგეთის მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 22 მარტს სამინისტროს კოლექტივთან და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.


„დღეს საქართველოს რეალური შანსი აქვს ნამდვილი ევროპული ქვეყანა გახდეს. მჯერა, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს ამ საკითხში“, – განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.


მისი თქმით, საქართველოს ევრო-ატლანტიკულ სტრუქტურებში გაერთიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება.


პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე 8-10 მარტს მის საფრანგეთში ვიზიტს მოყვა. სააკაშვილის განცხადებით, მან ეს საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან ჟაკ შირაკთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დომინიკ დე ვილეპინთან განიხილა. პრეზიდენტის წინადადებას ახალი პარლამენტი სავარაუდოდ აპრილში განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)