Site icon Civil.ge

ჟვანია ბათუმში განიარაღების საკითხის მოგვარებას შეეცდება







ჟვანია ბათუმში ბოლოს 28 მარტს იმყოფებოდა,
როდესაც პირადად აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს
აჭარაში.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დღეს ასლან აბაშიძესთან აჭარაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღების საკითხს განიხილავს. ზურაბ ჟვანიასთან ერთად აჭარაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილიც იმყოფება.
 
„აჭარაში უკანონო იარაღის არსებობის საკითხი სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება. სწორედ ამიტომ, განიარაღების საკითხი ჩვენი მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 12 აპრილს.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც აჭარაში არსებული სიტუაცია „დენთის კასრს“  შეადარა, შეიარაღებულ ჯგუფებს იარაღის ჩაბარება შეთავაზა ფულის სანაცვლოდ.
 
„თუ აბაშიძეს [აჭარის ლიდერს] არ სურს განაიარაღოს თავისი მხარდამჭერები, მაშინ ჩვენ მზად ვართ გავხსნათ იარაღის ჩაბარების პუნქტები, სადაც აჭარლებს ექნებათ საშუალება ჩააბარონ აბაშიძის მიერ დარიგებული იარაღი, ჩვენ ამაში ფულს გადავიხდით,“ – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს 12 აპრილს.
 
მოლაპარაკებების გამართვამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩაბარებული იარაღის სანაცვლოდ ცენტრალური ხელისუფლება მზად არის დაახლოებით 1 მილიონი ლარი გამოყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე „ბიზნესმენმა და კერძო პირმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა დააფინანსოს განიარაღების პროცესი.“
 
„აჭარაში დარიგებული ავტომატების რაოდენობა დაახლოებით 2,000-3,000-ია. არიან ბიზნესმენები, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ ქვეყანას ამ პროცესში და უზრუნველყონ ფინანსური მხარდაჭერა აჭარაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს წინადადება არ ეხება მძიმე ტექნიკას, რომელიც აბაშიძის განკარგულებაშია. „აბაშიძემ უპირობოდ უნდა ჩააბაროს ეს იარაღი“, – დასძინა სააკაშვილმა. ცოტა ხნის წინა მან განაცხადა, რომ აბაშიძემ 50 მილიონი აშშ დოლარი აქვს დახარჯული შეიარაღებაზე.
 
თუმცა, აჭარის ფინანსთა მინისტრმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ სახსრები გამოყო იარაღის შესაძენად.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ასევე აღნიშნა, რომ დიდი რაოდენობის იარაღის არსებობის გამო,  რეგიონი, რომელიც საქართველოს მრავალი მოქალაქისთვის მიმზიდველ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს ზაფხულში, სახიფათო გახდა.
 
„როგორ უნდა დავრთოთ ნება ჩვენს მოსახლეობას იმ რეგიონში წავიდნენ, რომელიც დენთის კასრად იქცა და ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს?“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ცენტრალურ ხელისუფლებასა და  რეგიონის  ხელმძღვანელობას შორის გამართული მოლაპარაკებების განხილვის კიდევ ერთი თემა იქნება თბილისსა და ბათუმს შორის საკონსტიტუციო უფლებამოსილებათა გამიჯვნა. თუმცა, რაიმე კონკრეტული დოკუმენტი ამის თაობაზე ჯერჯერობით შემუშავებული  არ არის.
 
თებერვალში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა შესთავაზა მხარეებს შეიმუშავონ კანონპროექტი ავტონომიის უფლებამოსილებათა განსაზღვრის თაობაზე. გასულ კვირას შვიმერის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პლამენ ნიკოლოვი იმყოფებოდა ბათუმში, სადაც აჭარის ლიდერთან გამართა მოლაპარაკებები.   
 
ამავდროულად, აჭარის ოპოზიცია განაგრძობს ზეწოლას ასლან აბაშიძეზე. ოპოზიციის აქტივისტები აჭარის მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებენ ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით.
 
„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა აბაშიძის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბაშიძე და ჟვანია შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენი მოთხოვნები კვლავ ძალაში დარჩება, რადგანაც აბაშიძის რეჟიმი უკანონოა და იგი უნდა გადადგეს“, – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ 12 აპრილს ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ ლიდერმა კობა ხაბაზმა.
 
პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე დაემუქრა აბაშიძეს უზენაესი საბჭოს დათხოვნით, თუ იგი აჭარაში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს არ განაიარაღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)